რობერტო მანჩინი ასტროლოგს უსმენს - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ვარსკვლავებს კითხულობენ #1TVSPORT
რობერტო მანჩინი ასტროლოგს უსმენს - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ვარსკვლავებს კითხულობენ #1TVSPORT

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის პირველი ორი ტური ერთნაირი ანგარიშით (3:0) მოუგო თურქეთსა და შვეიცარიას. ორივე შეხვედრაში იტალიელებმა ანგარიში დომენიკო ბერარდის წყალობით გახსნეს. გახსნის მატჩში „სასუოლოს“ გარემარბმა დემირალს ავტოგოლი გაატანინა, შვეიცარიასთან კი შესანიშნავად გაიქცა ფლანგზე და საგოლე პასი გაუკეთა ლოკატელის.

ეს წარმატება არ გაკვირვებია ასტროლოგ რიკარდო სორენტინოს.

„ვის მიმართ არიან კეთიგანწყობილი ვარსკვლავები? ბერარდის მიმართ. იუპიტერი ლომის ნიშანშია, ის ძალიან დაცულია“, – ამბობდა პირველი ტურის შემდეგ ასტროლოგი.

ბიორითმების ნეაპოლელი მკვლევარი მანჩინისთან დიდი ხანია მეგობრობს.

„პირველ რიგში, ჩვენ მეგობრები ვართ. ის ერთადერთი მწვრთნელია მთელს მსოფლიოში, რომელიც თავის მეგობრებს უსმენს. მე და რობერტოს ყოველი მატჩის წინ გვაქვს კონტაქტი. მე მისთვის ვარსკვლავებს ვკითხულობ. 21 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ის ყურს უგდებს ასტრალურ ბიორითმებს. იცის, რომ ჯადოქარი არ ვარ და რომ ეს მეცნიერებაა“, – ხსნის სორენტინო.

ამასთან, რიკარდო აღნიშნავს, რომ მწვრთნელი ბრმად არ ენდობა ასტროლოგიას: „ის მთელი ცხოვრება მისმენს, მაგრამ საკუთარ თავზე გავლენის საშუალებას არ იძლევა“.

აი, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგნოზი ევრო 2020-ზე სორენტინოსგან შვეიცარიასთან მატჩის წინ.

* მანუელ ლოკატელი აუცილებლად გაისვრის (შვეიცარიელებს მან ორჯერ გაუტანა). ჯაკომო რასპადორიმ შეიძლება გაიბრწყინოს გარკვეულ მატჩში – მას ვარსკვლავები წყალობენ (ჯერჯერობით, „სასუოლოს“ ახალგაზრდა ფორვარდმა უელსთან 16 წუთი ითამაშა, მაგრამ, ალბათ, სორენტინომ ურჩია მწვრთნელს ჯაკომოს წაყვანა).

* მწვრთნელებს შორის ყველაზე ძლიერი ნიშანი აქვს რობერტო მარტინესს. „ის კირჩხიბია და თუ ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება, ასტროლოგიურად ის შედის ფავორიტთა რიცხვში“.

* საფრანგეთი ძლიერია მინდორზე, მაგრამ ვარსკვლავები არიან წინააღმდეგ: დეშამი სუსტად არის დაცული. გერმანიაც არ არის საუკეთესო ფორმაში.

სორენტინოს რეგულარულად ეძახიან ტელევიზიებში – ყველგან უწოდებენ „პატივსაცემ ასტროლოგსა და მეცნიერს“. აი, რამდენიმე მისი პროგნოზი.

* თებერვალში 45 პროცენტს იძლეოდა „ინტერის“ ჩემპიონობაზე.

* სჯეროდა „ნაპოლის“ მეოთხე ადგილის: „დროთა განმავლობაში, გატუზო სატურნირო ცხრილშა მეოთხე ადგილზე გადავა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატის შემდეგ ის წასვლას გადაწყვეტს“.

* „იუვენტუსისა“ და „პორტუს“ განმეორებითი მატჩის წინ: „არ გამოვრიცხავ „პორტუს“ გოლს, თამაში შეიძლება გაგრძელდეს დამატებით დროში“.