ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა განაპირა მცველმა რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ 2002 წელს ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა რონალდომ მას „ოქროს ბურთი“ მოპარა.
რონალდო რვა გოლით მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფორვარდმა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ფინალში დუბლი შეასრულა.
„ყოველთვის ვეუბნები რონალდოს, რომ ის „ოქროს ბურთი“ ჩემი იყო და მან მომპარა. ვიცოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ მე ვიყავი ფავორიტი. ასე რომ, ეს პრიზი 90 წუთში წავაგე.
მაგრამ თუ დავფიქრდებით, მცველისთვის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეორე ადგილის დაკავება – დაუჯერებელი შედეგია. მხოლოდ ბეკენბაუერმა, ზამერმა და კანავარომ შეძლეს მისი მოგება. ასე რომ, მეორე ადგილი სიამაყის საბაბია“, – მოჰყავს რობერტო კარლოსის სიტყვები გაზეთ AS-ს.