რობერტო ფირმინო ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
რობერტო ფირმინო ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„ლივერპულის“ ფორვარდმა რობერტო ფირმინომ პრემია „სამბა გოლდი“ (Samba Gold) მიიღო, როგორც 2018 წლის საუკეთესო ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, – იტყობინება ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდი.

27 წლის თავდამსხმელმა ხმების 21.79 პროცენტი მიიღო და გაუსწრო მადრიდის „რეალის“ მცველს მარსელოს (20,51%) და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ნეიმარს (18,67%).

მიმდინარე სეზონში ფირმინომ 21 მატჩი ჩაატარა ინგლისის ჩემპიონატში, რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.

„სამბა გოლდი“ ინტერნეტ-პორტალ „სამბაფუტის“ (Sambafoot) მიერ არის დაწესებული და ყოველ წელს გაიცემა. ყველაზე ხშირად ჯილდო მიღებული აქვს ტიაგო სილვას და ნეიმარს (სამ-სამჯერ). რობერტო ფირმინოსთვის ეს პირველი აღიარებაა.