რობერტა მეცოლა – ახალი ეტაპი ევროკავშირისა და კანადის პარტნიორობაში, ევროპარლამენტის ბიურომ ოტავაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას დაუჭირა მხარი
17 სექტემბერს ევროპარლამენტში კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის სიტყვით გამოსვლის წინ, ევროპარლამენტის ბიურომ ოტავაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იუწყება.
როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, ეს ახალი ეტაპია ევროკავშირისა და კანადის პარტნიორობაში.
მისივე თქმით, ეს იქნება უფრო ძლიერი წარმომადგენლობა, რომელიც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს, მისი რეგიონული მანდატი კი არქტიკამდე გავრცელდება.
„ევროპა და კანადა – ძველი მეგობრები, რომლებიც კვლავ ერთად წერენ პარტნიორობის შემდეგ გვერდს“, – წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.