რობერტ ლევანდოვსკი - დღემდე ვერ გავიგე, რატომ ვერ მივიღე „ოქროს ბურთი“ #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ისევ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ 2020 წელს „ოქროს ბურთი“ ვერ მიიღო.
პოლონელი ჯილდოს მიღებაზე ძირითად პრეტენდენტად მიიჩნეოდა, მაგრამ 2020 წელს France Football-მა, პირველად ისტორიაში, არ ჩაატარა გამოკითხვა საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, რის მიზეზადაც კორონავირუსის პანდემია დაასახელა.
„ეს იყო ჩემი კარიერის პიკი, მე ყველაფერი მოვიგე „ბაიერნთან“ ერთად. ვფიქრობ, ყველაზე რთული ამ სიტუაციაში ის ფაქტია, რომ დღემდე ვერ გავიგე, რატომ არ მომცეს „ოქროს ბურთი““, – განაცხადა ლევანდოვსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
2020 წლის დეკემბერში პოლონელმა ფორვარდმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან (ფიფა) მიიღო The Best-ის პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.