RMC-ს ჟურნალისტი - კვარაცხელია პარიზშია და სამედიცინო შემოწმებას გადის #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია პარიზში ჩავიდა. ის გულშემატკივრებმა ვერ შენიშნეს, რადგან დეტალები გახმაურებული არ იყო. ამჟამად ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გადის, – ამის შესახებ RMC-ს ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი იუწყება.
„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ხვიჩა კვარაცხელია პარიზში გუშინ საღამოს ჩაფრინდა, ახლა კი სამედიცინო შემოწმებას გადის,“, – წერს ფაბრის ჰოკინსი.
კვარაცხელია ოთხშაბათს „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე, კასტელ ვოლტურნოში მივიდა, სადაც თანაგუნდელებს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა, გუშინ კი ნეაპოლელთათვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ დღეს ოფიციალურად წარადგენენ. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც 2029 წლის ივნისამდე გაგრძელდება, „ნაპოლის“ ხაზინაში 70 მილიონი ევრო ჩაირიცხება, დამატებით 5 მილიონი კი – ბონუსების სახით.
კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი ლუის ენრიკეს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, თუმცა დე ლაურენტისმა და ანტონიო კონტემ ქართველი ნეაპოლში დარჩენაზე დაიყოლიეს. მიუხედავად ამისა, იანვარში ფეხბურთელმა საფრანგეთში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.