„რკინის მწვრთნელის“ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია - თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობაში გუნდის აკადემიის 13 აღზრდილი მონაწილეობდა #1TVSPORT
„რკინის მწვრთნელის“ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია - თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობაში გუნდის აკადემიის 13 აღზრდილი მონაწილეობდა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ საქართველოს 19-გზის ჩემპიონია. გუნდმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის „დინამოსთან“ ბრძოლაში, ტიტული დაიბრუნა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი „დინამოს“ საკლუბო აკადემიის აღზრდილებმა ითამაშეს. ესენი არიან: მეკარე ლუკა კუტალაძე (21 წლის), მცველები – საბა ხვადაგიანი (19), ალექსანდრე კალანდაძე (21), დავით კობოური (24), გიორგი მაისურაძე (20), გიორგი ჩხეტიანი (19), ნახევარმცველები – გიორგი კუცია (23), ანრი მექვაბიშვილი (21), გიორგი მოისწრაფიშვილი (21), გაბრიელ სიგუა (17), ლევან ოსიყმაშვილი (20), ლაშა ოდიშარია (19) და ლუკა პარკაძე (17).

„დინამოს“ აკადემია ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ რომ მუშაობს, კლუბის პრესსამსახურის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს. ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში კლუბის 30-მდე აღზრდილმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ითამაშა.

მათ შორის არიან ნაკრების ლიდერები და გამორჩეული ფეხბურთელები – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, საბა ლობჟანიძე, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გურამ კაშია…

წელს „დინამოს“ 17 წლის მოთამაშეს, ლუკა პარკაძეს მიუნხენის „ბაიერნმა“ კონტრაქტი გაუფორმა და გერმანულ გრანდს მომავალ წელს შეუერთდება.

„დინამოს“ ჩემპიონობა უშუალოდ უკავშირდება მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს, რომლის დანიშვნის შემდეგ გუნდმა 19 მატჩი ჩაატარა, 15 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო.

თბილისის „დინამომ“ ბოლოს მეორე წრის მეორე ტურში, 29 ივნისს ბათუმში კონკურენტ „დინამოსთან“ 1:4 წააგო. შემდეგ კი „რკინის მწვრთნელის“ (Iron Coach – „დინამოში“ ჭიაბრიშვილი ასე მონათლეს) ხელმძღვანელობით, სირთულეების მიუხედავად, „დინამომ“ 16-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.