„რივერ პლეიტმა“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი წააგო
„რივერ პლეიტმა“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი წააგო

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გაირკვა. სენსაციურად, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება, არაბეთის გაერთიანებული საამიროების „ალ-აინმა“ მოიპოვა, რომელიც ტურნირზე მასპინძლის რანგში თამაშობდა. ნახევარფინალში მისი მეტოქე, კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული „რივერ პლეიტი“ იყო.

არგენტინული კლუბისთვის მატჩი ცუდად დაიწყო – პინოლამ მესამე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა და „ალ-აინი“ დაწინაურდა. მაგრამ, უკვე მე-15 წუთისთვის, რაფაელ ბორეს დუბლით „რივერი“ 2:1-ს იგებდა. „ალ-აინმა“ 51-ე წუთზე, ბრაზილიელი კაიოს გოლით, ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში უფრო ახლოს მოგებასთან არგენტინელები იყვნენ, მაგრამ გონსალო მარტინესმა 69-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელშიც გოლი არ გასულა. პენალტების სერიაში „ალ-აინმა“ ხუთივე 11-მეტრიანი გაიტანა, „რივერის“ რიგებში კი ბოლო პენალტი ენცო პერესმა გააფუჭა.

ალ-აინი“ ფინალში გავიდა და მეორე ნახევარფინალს დაელოდება, რომელშიც მადრიდის „რეალი“ იაპონურ „კაშიმა ანტლერსს“ შეხვდება. მატჩი 19 დეკემბერს, თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი გადასცემს.