მადრიდში, სამხრეთ ამერიკის რანგით პირველი საკლუბო ტურნირის – „კოპა ლიბერტადორესის“ ფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა. ნომინალური მასპინძლის რანგში „რივერ პლეიტი“ „ბოკა ხუნიორსს“ ხვდებოდა.
პირველი მატჩი „ბოკას“ მოედანზე 2:2 დასრულდა, განმეორებითი მატჩის ბუენოს აირესში ჩატარება კი „რივერის“ გულშემატკივრების მიერ მოწყობილი არეულობების გამო არ მოხერხდა.
„ბოკა ხუნიორსს“ განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა – მოგების შემთხვევაში, ის მეშვიდედ დაეუფლებოდა თასს და აბსოლუტურ რეკორდსმენს, „ინდეპენდიენტეს“ გაუთანაბრდებოდა.
„ბოკამ“ ამ მიზნისკენ ნაბიჯი 44-ე წუთზე გადადგა. ერთ-ერთი კონტრშეტევისას, ნანდესმა სიღრმიდან ძალიან ეფექტური რასით მეკარესთან ერთი ერთზე დარიო ბენედეტო გაიყვანა, რომლის დარტყმასაც „რივერის“ მეკარე არმანიმ ვერაფერი მოუხერხა.
„რივერ პლეიტმა“ გათანაბრება 68-ე წუთზე შეძლო, როცა ფერნანდესმა პალასიოსისგან ქუსლით პასი მიიღო, კარის გასწვრივ ჩააწოდა და პრატომ ზუსტად დაარტყა.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და იმის გამო, რომ ლიბერტადორესის თასზე არ მოქმედებს სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესი, დამატებითი დრო დაინიშნა, რომელიც „ბოკასთვის“ ცუდად დაიწყო – 92-ე ბარიოსმა წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „რივერ პლეიტმა“ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც 109-ე წუთზე გამოიყენა, როცა კინტერომ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად მაღალ კუთხეში დაარტყა.
„ბოკამ“ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო, პირიქით, გონსალო მარტინესმა მსაჯის მიერ კომპენსრებულ დროში მესამეც გაიტანა. მან საბოლო ანგარიშის დაფიქსირება მას შემდეგ შეძლო, რაც ბოლო წუთზე კუთხურზე ჩასულმა „ბოკას“ მეკარემ კარი ცარიელი დატოვა და ნომინალურმა მასპინძლებმაც ამით კარგად ისარგებლეს.
საბოლოოდ „რივერმა“ ორი მატჩის ჯამში 5:3 მოიგო, რითაც თავის ისტორიაში ლიბერტადორესის თასს მეოთხედ დაეუფლა.