„რიველ პლეიტი“ ლიბერტადორესის თასის ფინალის მადრიდში გამართვის წინააღმდეგია
„რიველ პლეიტი“ ლიბერტადორესის თასის ფინალის მადრიდში გამართვის წინააღმდეგია

არგენტინულ საფეხბურთო კლუბ „რივერ პლეიტის“ წარმომადგენლებს ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩის ესპანეთში გამართვა მიუღებლად მიაჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის სამხრეთამერიკული ექვივალენტის წლევანდელი გათამაშების ფინალში ბუენოს აირესის ორი გუნდი, „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ ხვდებიან, რომელთა შორის უკომპრომისო დაპირისპირების შესახებ საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი.

ფინალის პირველი მატჩი „ბოკა ხუნიორსის“ სტადიონზე გაიმართა და ფრედ, 2-2 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი ორჯერ გადაიდო და ამის მიზეზი „რივერ პლეიტის“ გულშემატკივრების მხრიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელებით სავსე ავტობუსზე თავდასხმა გახდა.

სწორედ ამის გამო გადაწყდა მატჩის სხვა ქვეყანაში ჩატარება. თავდაპირველად სამხრეთამერიკული ფეხბურთის მესვეურები მისაღებ ვარიანტად მეზობელ პარაგვაის განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება მადრიდზე შეაჩერეს.

თამაში „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე 9 დეკემბერს არის დაგეგმილი, მაგრამ „რივერ პლეიტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ  „ტურნირს აკნინებს“, ასევე „არგენტინელ გულშემატკივრებს სეზონის ყველაზე საინტერესო მატჩზე დასწრების საშუალებას ართმევს“.

„არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია და ზოგადად არგენტინელი ფეხბურთის მოყვარულები არ უნდა აძლევდნენ ერთ მუჭა მოძალადეებს ჩვენს ქვეყანაში „სუპერკლასიკოს“ ჩაშლის საშუალებას“, – ნათქვამია „რივერ პლეიტის“ ოფიციალურ განცხადებაში.

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ (კონმებოლი) მადრიდული ფინალისთვის თითოეული გუნდის გულშემატკივრებს 25-25 ათასი ბილეთი გამოუყო.