რიკი რუბიო თბილისში დაგეგმილ „ორბის“ კემპს ეხმაურება #1TVSPORT
„თბილისში გაიმართება „ხუვენტუდ ბადალონასა“ და „ორბის“ საკალათბურთო კემპი, რომელსაც ჩაატარებენ ესპანელი მწვრთნელები. მოგიწოდებთ მონაწილეობა მიიღოთ და ისიამოვნოთ კალათბურთით“, – ასეთია ესპანეთის ნაკრების ყოფილი ლიდერის, NBA-ს ვარსკვლავის, რიკი რუბიოს მიმართვა ქართველი მოზარდებისადმი.
კემპი 5-9 ივლისს გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გამორჩეული კალათბურთელები უკვე ესპანეთში გაემგზავრებიან ბადალონელთა საწვრთნელ შეკრებაზე.
„ამ პროექტის მიზანია, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა კარიერა „ხუვენტუდში“ განაგრძონ და საქართველოს ჰყავდეს რაც შეიძლება ბევრი შენგელია, – აღნიშნა „ორბის“ პრეზიდენტმა, თორნიკე გიორგაძემ, – ბადალონური კლუბის ორიენტირი ახალგაზრდა კალათბურთელების აღზრდა, ევროპულ კალათბურთსა და NBA-ში გზის გაკვალვაა. ჩვენი ხედვები ემთხვეოდა და ამიტომაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“.