რიჩარდ სტოკსი - ქართულ კალათბურთში დიდ პოტენციალს ვხედავ #1TVSPORT
რიჩარდ სტოკსი - ქართულ კალათბურთში დიდ პოტენციალს ვხედავ #1TVSPORT

„მინდა, წარმოგიდგინოთ რიჩარდ სტოკსი, რომელიც საქართველოში უახლოესი ორი წლის განმავლობაში იმუშავებს“, – ასე გახსნა პრესკონფერენცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ.

მანვე მოკლედ გაგვაცნო სტოკსის კარიერა:

„1993-2005 წლებში იგი უმაღლესი კატეგორიის მსაჯი იყო და არაერთი ტოპმატჩი განუსჯია. მათ შორის, 2000 წლის ევროლიგის ცნობილი ფინალი „ოლიმპიაკოსსა“ და „რეალს“ შორის. 2011-დან 2015-მდე ფიბა-ს მსაჯთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2015-დან ევროლიგის მსაჯთა დეპარტამენტის დირექტორი იყო“.

2023 წელს მას ევროლიგასთან კონტრაქტი ამოეწურა და…

„მქონდა არაერთი შეთავაზება. თუმცა ყველაზე საინტერესო წინადადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან მივიღე. დავინახე, რომ ბევრი დიდი საქმის გაკეთება შემეძლო. ქართულ კალათბურთში დიდ პოტენციალს ვხედავ.

როდესაც მსაჯობის საკითხები მაღალ დონეზე იქნება, ეს დიდად დაეხმარება კალათბურთელებსა და მწვრთნელებს სწორად განვითარებაში“.

აქამდე მსაჯთა კონსულტანტად დრაგან ნეშკოვიჩი მუშაობდა. რიჩარდ სტოკსმა აღნიშნა, რომ კარგი საფუძველი დახვდა. საუბარი კი სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, პაატა ლობჟანიძემ განაგრძო:

„დრაგან ნეშკოვიჩმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. მან, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო და მივიღეთ ფიბა-ს კატეგორიის სამი მსაჯი. ასევე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა კალათბურთის ფედერაციამ, რომელმაც ამ მომენტისთვის თავის სფეროში ნომერ პირველი სპეციალისტი მოიწვია. რიჩარდ სტოკსი რამდენიმე წლის განმავლობაში ფიბა-ს 400 მსაჯს ხელმძღვანელობდა, შემდეგ – ევროლიგის 70 არბიტრს. ამით ყველაფერია ნათქვამი“.