რიანჩო კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა - მან მშვენიერი არჩევანი გააკეთა #1TVSPORT
რიანჩო კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა - მან მშვენიერი არჩევანი გააკეთა #1TVSPORT

ლევანტეს და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ესპანელმა რაულ რიანჩომ გამოცემა „სპორტ-ეკსპრესთან“ საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

„კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი იყო. რეალურად, დიდი ხნის წინ მეგონა, რომ ხვიჩა ტოპ-ჩემპიონატში წავიდოდა. მან შესანიშნავი არჩევანი გააკეთა. კარიერის გასაგრძელებლად „ნაპოლიში“ გადასვლა ჩინებული ვარიანტია“, – განაცხადა რიანჩომსპორტ-ეკსპრესთან“.

შეესაბამება თუ არა კვარაცხელია კლასით იტალიის ჩემპიონატის დონეს? ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებაც ისაუბრა:

„მას ადაპტაციისთვის დრო აუცილებლად დასჭირდება. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ის შეეგუება და ითამაშებს სერია ა-ში. წარმატებებს ვუსურვებ, ის კარგი მოთამაშეა“.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიისა და ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნეაპოლური კლუბი მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს, კონტრაქტი კი 2027 წლამდე იქნება გათვლილი, რომლის მიხედვითაც ქართველი ფეხბურთელი წელიწადში 1,1 მილიონ ევროს მიიღებს. კვარაცხელია ამჟამად ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, სადაც „რუბინთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ გადავიდა.

62 წლის რაულ რიანჩო 2006-2014 წლებში მუშაობდა „ლევანტში“, შემდეგ დაინიშნა „რუბინში“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელად. 2014 წელს კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, სერჰი რებროვის ასისტენტი იყო. ამის შემდეგ, რიანჩო 2 წლის განმავლობაში ანდრეი შევჩენკოს ასისტენტად უკრაინის ნაკრებში მუშაობდა. 2018 წელს გადავიდა მოსკოვის „სპარტაკში“, სადაც გახდა მასიმო კარერას ასისტენტი. 2018 წლის 22 ოქტომბერს, კარერას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, რიანჩო დაინიშნა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 12 ნოემბერს კი რუსეთი დატოვა.