რიად მაჰრეზს ეგვიპტეში შესვლას აუკრძალავენ - მან პრემიერი შეურაცხყო [ვიდეო]
რიად მაჰრეზს ეგვიპტეში შესვლას აუკრძალავენ - მან პრემიერი შეურაცხყო [ვიდეო]

„მანჩესტერ სიტისა“ და ალჟირის ნაკრების ნახევარმცველი რიად მაჰრეზი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. მას, შესაძლოა, ეგვიპტეში შესვლა აუკრძალონ. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა ხელი არ ჩამოართვა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მაბდულისა და სპორტის მინისტრ აშრაფ სობჰის აფრიკის თასის ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიის დროს, – იტყობინება „ალბავაბა“ (Albawaba).


შეგახსენებთ, რომ აფრიკის ჩემპიონატი ეგვიპტეში გაიმართა. ფინალში ალჟირმა ანგარიშით 1:0 დაამარცხა სენეგალი. დაჯილდოების ცერემონიისას, მაჰრეზმა ხელი ჩამოართვა „ფიფას“ (FIFA) პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს და სხვა მაღალი რანგის სტუმრებს, მაგრამ როცა ეგვიპტის პირველ პირებამდე მივიდნენ, ფეხბურთელი შებრუნდა და თანაგუნდელებისკენ გაეშურა.

ეგვიპტელმა ადვოკატმა სამი საბრიმ სარჩელი შეიტანა ქვეყნის გენერალური პროკურორის სახელზე მოთხოვნით – შეიყვანონ მაჰრეზი იმ ადამიანთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა. საბრის მიაჩნია, რომ ალჟირის ნაკრების ლიდერმა უკიდურესი უპატივცემულობა გამოიჩინა ეგვიპტის მთავრობის მიმართ და შეურაცხყო ის.