რეზი არველაძე - ევროპის სუპერლიგა დისკრიმინაციული პროექტია, ფეხბურთს საზღვრებში აქცევს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი რეზი არველაძე იყო, რომელმაც ევროპის სუპერლიგის შესახებ ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა.

„ფეხბურთს ბევრი თამაშობს და უყურებს, ძალიან დემოკრატიული თამაშია და მარტივი არ იქნება, მისი ჩარჩოში ჩასმა. ფეხბურთი არაა არც კალათბურთი და არც რაგბი – ერთი წუთით უპატივცემულობაში არ ჩამითვალოთ, მე ყურებადობას, მასშტაბს და მონაწილეთა რაოდენობას ვგულისხმობ. ფეხბურთში დასაქმებული ხალხის რაოდენობა, შესაძლოა, მილიარდზე ადიოდეს.

სუპერლიგის პროექტი თანხებს უკავშირდება. ფეხბურთს მოაქვს შემოსავალი, რასაც ფიფა წევრებს შორის სოლიდარობის პრინციპით ანაწილებს. სუპერლიგის მომხრე კლუბები კი ფიქრობენ, რომ ამ შემოსავლების დიდ ნაწილს თავად გამოიმუშავებენ, მაგრამ შესაბამის პროცენტებს არ იღებენ“, – განაცხადა რეზი არველაძემ.

სფფ-ს ყოფილი გენერალური მდივნის აზრით, სუპერლიგა პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ვერ შედგება:

„როდესაც ასეთი რევოლუციური პროექტის განხორციელება იწყება, მას პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება. უეფა-ს კონგრესზე ფიფა-სა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები იყვნენ მიწვეული და მხარი არ დაუჭირეს ამ იდეას. ახალ პროექტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო შესაძლოა, ფეხბურთელმა, ვისაც შევნატრით, ნაკრებში არ ითამაშოს. ფეხბურთი 20 კლუბის საკუთრება არაა, ვლადიმერ გუცაევმა სწორად თქვა, ეს თუ გარდაუვალია, დიდი რვიანივით ​ან ნბა-სა და ექვსი ერის პრინციპით, იქნება ჩაკეტილი კლუბი, არავის შეუშვებენ. ჩემი აზრით, დღეს ეს პროექტი მოუმზადებელია“.

მან G14 პროექტი გაიხსენა:

„ეს პროექტი უეფა-ში პლატინის პრეზიდენტობის დასაწყისში გაჩნდა და მოლაპარაკების შედეგად შეჩერდა. მაგრამ მაშინ იყვნენ „აიაქსი“ და „პორტუ“. სუპერლიგა კი წმინდა კომერციული ტურნირია, თორემ მასში „ტოტენჰემს“ რა უნდა, რა ტიტულები აქვს? მთავარი კითხვაა, გამოადგება ეს ფეხბურთს თუ არა. ჩემი აზრით,  ევროპის სუპერლიგა დისკრიმინაციული პროექტია, ფეხბურთს საზღვრებში აქცევს“.