რევაზ ინჯგია ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“ ითამაშებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი რევაზ ინჯგია კარიერას ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელებს, — ინფორმაციას კვიპროსული კლუბი ავრცელებს.
„ნიქოზიის „ოლიმპიაკოსი“ აცხადებს, რომ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია 24 წლის ქართველ თავდამსხმელ რევაზ ინჯგიასთან.
ინჯგიას უკვე იცნობენ კვიპროსში, რადგან 2022/23 წლების სეზონში ლიმასოლის „აპოლონში“ თამაშობდა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასიც მოიგო“, — წერია კლუბის განცხადებაში.
24 წლის ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. მას ასევე უთამაშია „თელავში“, ლიმასოლის „აპოლონში“, „სამტრედიასა“ და ბათუმის „დინამოში“, სადაც 34 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობას, კლუბის წევრებს და ფეხბურთელებს. ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს, თქვენ წინაშე თამაში ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. წარმატებები“, – ასე დაემშვიდობა რევაზ ინჯგია ბათუმელ გულშემატკივრებს.
კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში კვიპროსში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.