რევაზ ძოძუაშვილი იუბილარია - ფეხბურთს სამივე პროფესიიდან ვემსახურე #1TVSPORT
რევაზ ძოძუაშვილი იუბილარია - ფეხბურთს სამივე პროფესიიდან ვემსახურე #1TVSPORT

რევაზ ძოძუაშვილი 80 წლის გახდა – ქართული ფეხბურთის ვეტერანი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა, იყო ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1969-1974 წლებში ნაკრებში 49 შეხვედრა ჩაატარა).

1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, ოთხჯერ აღიარებული იყო სსრკ-ის წლის საუკეთესო მარჯვენა მცველად.

1972 წელს მურთაზ ხურცილავასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის რჩეულ თერთმეტეულში ერთდროულად ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

ძოძუაშვილმა ფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო, თამაშობდა ქუთაისის „რიონში“ და „იმერეთში“, სადაც თავიდან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამოდიოდა. 1968-1976 წლებში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 1973 წელს საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის „კარაველას თასის“ (Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული გახდა.

ტურნირის ფინალში „დინამომ“ 3:1 დაამარცხა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი „ბენფიკა“, რომელიც იმ წელს გახდა პირველი კლუბი პორტუგალიის ჩემპიონატში, რომელმაც სეზონი (1972/73) დაუმარცხებლად დაასრულა.

1998-1999 წლებში ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო 2000-2001 წლებში, დავით ყიფიანთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში. რევაზ ძოძუაშვილი ერთადერთია საქართველოში, რომელიც იყო ფეხბურთელიც, მსაჯიც და მწვრთნელიც.

„ერთადერთი ვარ საქართველოში, რომელიც ფეხბურთს სამივე პროფესიიდან ემსახურებოდა. ფეხბურთელობის შემდეგ მსაჯობა გადავწყვიტე, ხოლო შემდეგ მწვრთნელობა დავიწყე. სამივე ურთულესი საქმეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავი ყველა მათგანს გავართვი. ამით ფეხბურთის საიდუმლოებები უკეთ გავიგე და მიხარია, რომ ეს შევძელი“ – ამბობდა რევაზ ძოძუაშვილი.