რევაზ ჩელებაძე საქართველოს ნაკრების წარმატებაზე - ოთხიდან სამი შეხვედრის ბედი ჩაკვეტაძემ გადაწყვიტა
რევაზ ჩელებაძე საქართველოს ნაკრების წარმატებაზე - ოთხიდან სამი შეხვედრის ბედი ჩაკვეტაძემ გადაწყვიტა
 ქობულეთის „შუქურას“ დირექტორი, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული გუნდის წევრი – რევაზ ჩელებაძე, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლით გახარებულია და მის პერსპექტივას იმედიანად უყურებს.

„ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ ითამაშა და შესანიშნავი შედეგი აჩვენა! ტაბლომ ყველაფერი მშვენივრად შეაფასა – პირველი ადგილი 100-პროცენტიანი შედეგით დავიკავეთ და ნახევარფინალში თამაში გარანტირებულია. ასეთი კარგი დასაწყისი და შედეგი ჩვენს ნაკრებს არასოდეს ჰქონია. ამ დონეზე ყველა მეტოქეს აშკარად ვჯობნით – ლატვიასაც და ყაზახეთსაც. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის დავინახეთ, რომ ჩვენი მოთამაშეები ძალიან ნიჭიერები არიან. ამ დონეზე თავის გამოჩენა შეგვიძლია და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანსსაც ვხედავ“ – ამბობს პირველ არხთან რევაზ ჩელებაძე.

მისი აზრით, საქართველოს ნაკრების კარგად ათამაშების მიზეზი გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენაა: – „ჩვენი გუნდი ისედაც საკმაოდ კარგად თამაშობდა. დააკვირდით, სკამიდან ვინც შემოდის, ისინიც ძირითადების დონეზე არიან. ანუ საკმაოდ თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. მაგრამ გუნდს რაღაც აკლდა – უფრო სწორედ, ვიღაც. ეს „ვიღაც“ ჩაკვეტაძეა. გამოჩნდა ეს „გიჟი“ ბავშვი და გუნდმა მოგებები დაიწყო. მან ოთხიდან სამი შეხვედრის ბედი ინდივიდუალურად გადაწყვიტა. შრომას ასევე თავდახრილი თუ გააგრძელებს, დიდ ფეხბურთს ითამაშებს და თავის გვარს ჩვენი და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერს.“

დატოვე კომენტარი