რევაზ ჩელებაძე - მოსკოვის „დინამოს“ რომ მოუგოს, „ლოკომოტივი“ მაგარ სახელს შეიქმნის
რევაზ ჩელებაძე - მოსკოვის „დინამოს“ რომ მოუგოს, „ლოკომოტივი“ მაგარ სახელს შეიქმნის

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა რევაზ ჩელებაძემ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ დაპირისპირებაზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„საწყენი და სიახლე არაა, რომ მოსკოვის „დინამო“ „ლოკომოტივთან“ წყვილში ფავორიტია. უმდიდრესი კლუბია. იმხელა ბიუჯეტიც აქვს, ცხადია, რომ „ლოკომოტივზე“ მეტი შესაძლებლობა გააჩნია. მოთამაშეების დონიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ იქ თვეში 150-ათას ევროიანი ხელფასის მქონე მოთამაშეები ჰყავთ. „დინამოში“ ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლის წლიური ხელფასიც თავად თბილისური კლუბის ბიუჯეტს აღემატება. ასეთ გუნდთან „ლოკომოტივმა“ თუ მოიგო, თითოეულ ფეხბურთელს ძეგლი უნდა დავუდგათ“, – ამბობს რევაზ ჩელებაძე.

მისი თქმით, მატჩის პოლიტიზირება მიუღებელია:

„ახლა პოლიტიკაზე ლაპარაკით „ლოკომოტივის“ მოთამაშეები არ უნდა დავზაფროთ. ფეხბურთია და ბურთი აგორაონ, პოლიტიკას კი პოლიტიკოსებმა მიხედონ. დიდი სტიმული იქნება, ეს თამაში რომ მოიგონ, რადგან დიდ სახელს შეიქმნიან და შეიძლება, რომ კარგ კლუბში და ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ. მე გუნდს წარმატებას ვუსურვებ“.