რევაზ არველაძეს ქართული სიმბოლური ნაკრების იდეა აფიქრებს - ამაში მონაწილეობას სჯობს, წახვიდე და გადასახლდე
რევაზ არველაძეს ქართული სიმბოლური ნაკრების იდეა აფიქრებს - ამაში მონაწილეობას სჯობს, წახვიდე და გადასახლდე

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ თანაწამყვანი ვლადიმერ გუცაევი დაინტერესდა, რას ფიქრობს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გამოკითხვის ჩატარებაზე, რომლის მიზანიც „ფრანს ფუტბოლის“ მაგალითზე საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა იქნება.

„ეს რომ გააკეთოთ, (გულშემატკივრები) ერთმანეთს გადაეკიდებიან. მახსოვს, 11 წლის ბავშვი წერდა, რომ საქართველოში ყველაზე მაგარი შუდრა თუ ძიაპშიპა იყო. რა იცის ახლა იმან, ბაბუამისმა რაღაც უთხრა, გრიშა გაგუა რომ ფლანგიდან შევიდოდა და ვიღაც მეორე ფლანგიდან? მაგრამ ამის გამო გულშემატკივრები ერთმანეთს რატომ უნდა დაუპირისპირდნენ? ხომ შეიძლება, კაცმა თავისი აზრი ხმამაღლა თქვას“, – განაცხადა არველაძემ.

ვლადიმერ გუცაევმა დააკონკრეტა:

„ლაპარაკია დამოუკიდებლობის შემდეგ, 1994 წლიდან ანუ ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების შემდგომი პერიოდის სიმბოლურ გუნდზე. ჩვენ გულშემატკივარს ვამზადებთ იმისთვის, ასეთი ნაკრები შევადგინოთ და ქომაგმა მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში“.

რეზო არველაძემ გაიხსენა ფეხბურთის ფედერაციის იდეა, რომელიც გამოჩენილი მოთამაშეების უკვდავყოფას ემსახურებოდა:

„ზვიად სიჭინავამ მითხრა, მოდი, ფედერაციის წინ ქართველი ფეხბურთელების დიდების ხეივანი გავაკეთოთო. იქ ყველა კი არ უნდა მოხვდეს, მხოლოდ – გამორჩეულები. მაგრამ ძალიან რთულია ამის გაკეთება საქართველოში, სადაც დიდი საფეხბურთო ისტორიაა, ამდენი კარგი ფეხბურთელი იყო, 300-მილიონიანი საჭოთა კავშირის ნაკრებში 5-6 ქართველი ფეხბურთელი სულ თამაშობდა. რუსებმა, უკრაინელებმა ბელარუსებმა და სომხებმა ან აზერბაიჯანელებმა თამაში არ იცოდნენ? ახლა თქვენ ისეთ რამეს ამბობთ, მაგაში მონაწილეობას ჯობია წახვიდე და გადასახლდე“.

დატოვე კომენტარი