რევაზ არველაძე - პელე ისეთი ძლიერი იყო, კალათბურთის სიმბოლურშიც ჩავწერდი
რევაზ არველაძე - პელე ისეთი ძლიერი იყო, კალათბურთის სიმბოლურშიც ჩავწერდი

რევაზ არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ „ფრანს ფუტბოლის“ მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში პელეს მოხვედრა ლოგიკურად აღიარა.

„პელე ის ფეხბურთელია, რომლის თამაშის ხილვაც ყველას სიამოვნებას ანიჭებს. პელეზე რა შეთანხმება გვინდა, ისეთი მოვლენა იყო, კალათბურთის სიმბოლურ ნაკრებშიც დავასახელებდი“, – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი.

ვლადიმერ გუცაევი, „ტაიმაუტის“ თანაწამყვანი: „პელე უდიდესი მოთამაშე იყო. მაგრამ როგორც გულშემატკივარს, ყველაზე დიდი სიამოვნება დიეგომ (მარადონამ) მომანიჭა. ახლაც რომ ვუყურებ, საოცრად თამაშობდა. საერთოდ, ვერ იკამათებ, რომელი უფრო მაგარი იყო, მარადონა თუ პელე. ეს ისეთი შედარებაა, როგორც „ლამბორჯინი“ თუ „ფერარი“ – შენ ერთი მანქანა მოგწონს, მე – მეორე. რომელი მოგეწონება, ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ორივე უდიდესია, ღმერთები არიან, მაგრამ მარადონა სულ სხვა იყო“.

რევაზ არველაძე: „მარადონამ ყველაზე მეტი იცი რა გააკეთა? მისი თამაშის გამო ფეხბურთზე უამრავი ბავშვი შევიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ შილტონმა (ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე) თქვა, ხელით გოლს (1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის კარში გატანილი გოლი იგულისხმება) ვერ ვაპატიებო. ამაზე გასკოინმა უპასუხა, შენს სახელს ვერავინ გაიგებდა, დიეგოს ასეთი გოლი რომ არ გაეტანაო. ამ ნათქვამში ფეხბურთის მთელი ფილოსოფიაა – ეს ხალხი არასოდეს მოკვდება და არასოდეს დამთავრდება. მარადონას გამო საფეხბურთო სამყარო სამჯერ და ოთხჯერ მეტია, ვიდრე მის გამოჩენამდე. მე ის პელეს მირჩევნია, რადგან ჩემთან ერთად გაიზარდა და გულში, სულში მიზის. უფრო ვგრძნობდი, ვიდრე პელეს. ის ჩემი თაობის გმირია“.

მან სიმბოლურში ლეო მესის დასახელებაც უაპელაციოდ მიიღო: „ეს კეთილი კაცი, რამდენ საგოლე გადაცემას აკეთებს, „ბარსელონაში“ პენალტი რამდენ მოთამაშეს აჩუქა, ძალიან კეთილია“.

სიმბოლური ნაკრების შედგენა ყოველთვის კამათს იწვევს. რევაზ არველაძემ ამაზე ხუმრობით ილაპარაკა: „შოთამ იცით, რა მაგარი აზრი მომაწოდა. 11 ფეხბურთელი კი არ უნდა დააყენო, უბრალოდ, უნდა ჩამოთვალოო. მერე შეიძლება ასეთ სიმბოლურში მეკარეც ვერ მოხვდეს“: