რევაზ არველაძე - იმედია, უახლოეს მომავალში საქართველოშიც ჩატარდება მსგავსი მნიშვნელობის თამაშები
რევაზ არველაძე - იმედია, უახლოეს მომავალში საქართველოშიც ჩატარდება მსგავსი მნიშვნელობის თამაშები

უეფას ევროპა ლიგის, 2019 წლის ფინალური მატჩის, ორდღიანი კამპანიის ფარგლებში, ბაქომ ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებს უმასპინძლა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიება 3 მარტს ვარსკვლავების მატჩით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს დასავლეთის და აღმოსავლეთის გუნდები დაუპირისპირდნენ.

მაიკლ ესიენთან, დეკოსთან, იერჟი დუდეკთან, ჰამიტ ალტინტოპთან, ნიჰათ კავეჩისთან და ანდრეი არშავინთან ერთად, მატჩში მონაწილეობა რევაზ არველაძემაც მიიღო. ამხანაგური დაპირისპირება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა გახსნა.

მატჩი დასავლეთის გუნდის გამარჯვებით 11-10 დასრულდა.

„ყველაზე მნიშნველოვანი თუ არა, რანგით მეორე გათამაშებაა ევროპაში. ჩვენ რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ ამას – ერთი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეგიონში, ჩვენს მეზობლად ტარდება ასეთი დიდი ღონისძიება. მაქვს დიდი იმედი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოშიც ჩატარდება თამაშები“, – განაცხადა არველაძემ მატჩის შემდეგ.

ორდღიანი კამპანია აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის კონგრესით და ევროპა ლიგის თასის პრეზენტაციით გაგრძელდა.

კონგრესზე, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რეგიონისთვის მსგავსი ტურნირების მასპინძლობის აუცილებლობას.

მოგვიანებით, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და გულშემატკივრებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

უეფას ევროპა ლიგის ფინალური მატჩი 2019 წლის 29 ივნისს, ბაქოში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.