რევაზ არველაძე - გუნდის გადახალისება ადრე რომ მომხდარიყო, უფრო დიდი შედეგი იქნებოდა
რევაზ არველაძე - გუნდის გადახალისება ადრე რომ მომხდარიყო, უფრო დიდი შედეგი იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის გადახალისება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, თუმცა არსებული ვითარების გამოსასწორებლად საკმარისი დროა. პირველ არხთან საუბრისას რევაზ არველაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკადრო ცვილილებებზე ყოფილი პრემიერის პოზიცია ძალიან სწორია.

„გუნდის გადახალისება უფრო ადრე რომ მომხდარიყო, უფრო დიდი შედეგი იქნებოდა. ნურავინ იფიქრებს, რომ სტალინს მივტირი, მაგრამ მისი პოზიცია იყო, რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს. კადრებზეა დამოკიდებული, ქვეყანაში როგორი მდგომარეობა იქნება. ნებისმიერ საკვანძო ადგილზე პროფესიონალები უნდა იყვნენ, თავისი საქმის ერთგული და არა – ვიღაცის. ამ მიმართულებით სწრაფ რეაგირებას ველოდები“, – აღნიშნა არველაძემ.

ის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ინფორმატორები მიმდინარე პროცესების თაობაზე სრულ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.

„ცხადია, ბიძინა ივანიშვილს მრავალი ინფორმატორი ჰყავდა და ჰყავს, მაგრამ ისინი სრულად არ აძლევდნენ ინფორმაციას არსებულ მდგომარეობაზე. საპრეზიდენტო არჩევნებმა რეალური სიგნალი მისცა, რომ ქვეყანაში საქმე მთლად ისე არ არის, როგორც ზოგიერთები წარმოიდგენდნენ. ამ ვითარების გამოსასწორებლად საკმარისი დროა“, – აცხადებს დეპუტატი.

რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებები, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უნდა განხორციელდეს.

„არჩევნები ოთხ წელიწადშია და უცებ, საპარლამენტო დონეზე ცვლილებას ვერ გააკეთებ, მაგრამ შემდეგი არჩევნებისას სიის დაკომპლექტებას ყურადღება უნდა მიექცეს. მთავრობაში ცვლილება მუდმივად უნდა განხორციელდეს. როგორც კი დაინახავ, რომ ვიღაც თავის ადგილზე არ არის, ორი კვირის დანიშნულიც რომ იყოს, იმ ადგილიდან უნდა მოაცილო“, – განაცხადა არველაძემ.