რევაზ არველაძე - არ ვიცი, ყველა დროის სიმბოლურში კრუიფი რატომ ვერ მოხვდა
რევაზ არველაძე - არ ვიცი, ყველა დროის სიმბოლურში კრუიფი რატომ ვერ მოხვდა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ „ფრანს ფუტბოლის“ შედგენილ ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებზე ილაპარაკა.

„ზოგადად ეს უმადური ამბავია, რადგან ამაზე საკუთარ ქვეყანაში ვერ ვთანმხდებით. მე მათზე ლაპარაკი გამიჭირდება, ვისი თამაშიც არ მინახავს. ჩემთვის თვალშისაცემი რაც არის, ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში კრუიფი ვერ ვნახეთ. თუ ჩვენს ეპოქალურ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ, რომლებმაც ხელწერა შექმნეს და ფეხბურთს რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული შემატეს, ერთი მათგანი უდავოდ კრუიფია. ამ სიმბოლურში ვერც ზიდანი მოხვდა“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ რევაზ არველაძემ.

ამის შესახებ მოსაზრება „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმაც გამოხატა: „მიმაჩნია, რომ ვინც მინახავს, მათგან მარადონა, პელე და კრუიფი უბრალოდ შეუდარებლები არიან“.

რევაზ არველაძე: „მე მათ მეოთხესაც დავამატებდი – მესის, რომელსაც 10 წლის შემდეგ ასევე გაიხსენებენ. მაგალითად, რატომ არის მანდ მატეუსი და ხავი? თუ მაინც ეს სიმბოლური გუნდს უნდა ჰგავდეს, მე მათგან ერთს დავასახელებდი, კრუიფს და ზიდანსაც მოვახვედრებდი, მწვრთნელებიდან კი რინუს მიხელსს, ვინც თამაშში ეპოქალური ცვლილელბა შეიტანა“.

არველაძემ კომენტარი სიმბოლურ გუნდში იაშინის მოხვედრაზეც გააკეთა: „მისი თამაში არ მინახავს. გავითვალისწინოთ, რომ საბჭოთა სპორტსმენების მიმართ ძალიან დიდი ანტაგონიზმი იყო და დღეს რუსების მიმართაც იგივე გრძელდება. ამის მიუხედავ, მიკერძოების გარეშე ყველა იაშინს აღიარებს და სიმბოლურში მის მოხვედრას ამიტომ დავეთანხმებოდი. თუმცა, მე ბუფონი ძალიან მაგარი მეკარე მგონია“.