Repubblica-ს რედაქტორი - „ნაპოლიმ“ მოლაპარაკებები უნდა შეაჩეროს, კვარაცხელია და ოსიმენი ამით გადაიღალნენ #1TVSPORT
Repubblica-ს რედაქტორი - „ნაპოლიმ“ მოლაპარაკებები უნდა შეაჩეროს, კვარაცხელია და ოსიმენი ამით გადაიღალნენ #1TVSPORT

იტალიელმა ჟურნალისტმა და გაზეთ Repubblica-ს რედაქტორმა, ანტონიო კორბომ რადიო CRC-ში ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა. კორბომ ამ ფეხბურთელებს „ნეაპოლური კლუბის ორი მარგალიტი“ უწოდა და მათთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჯამა.

„კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს, რადგან ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ჩანს, გადაიღალნენ იმით, რაც კლუბში ხდება. მაგალითად, ნიგერიელი თავდამსხმელის მენეჯერი თერთმეტჯერ გაემგზავრა რივისონდოლიში, რათა „ნაპოლის“ პრეზიდენტთან წინადადებები განეხილა, მაგრამ ამან რა შეცვალა?

აგენტს აქვს კონკრეტული ამოცანა – თავის კლიენტს დაეხმაროს. დღეს ამ პროცესში სხვადასხვა პრობლემას ვხედავ. ადეკვატური გადაწყვეტილებების მოლოდინში, არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად, „ნაპოლის“ ვურჩევდი, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ყველა მოლაპარაკება შეაჩეროს. ეს ის თემაა, რომლის შესახებაც უნდა ვისაუბროთ“. – განაცხადა Repubblica-ს რედაქტორმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელს – 2025 წლის ივნისში.