რემატჩი შესაძლებელია - მეივეზერის მამამ შვილის პაკიაოსთან ბრძოლა დააანონსა
რემატჩი შესაძლებელია - მეივეზერის მამამ შვილის პაკიაოსთან ბრძოლა დააანონსა

„ფლოიდს კვლავ შერჩა ცეცხლი და სისწრაფე ხელებში“, – ცნობილი მოკრივის, ფლოიდ მეივეზერის მამამ „დეილი მეილთან“ (Daily Mail) მიცემულ ინტერვიუში შვილის რინგზე დაბრუნება დააანონსა.

„პაკიაო მიიღებს რემატჩს“, – აცხადებს ფლოიდის მამა. ლეგენდარულმა მოკრივემ, რომელსაც კარიერაში არცერთი ბრძოლა არ წაუგია (50:0) და ამჟამად 42 წლისაა, სპორტული კარიერის დასრულების შესახებ 2017 წლის აგვისტოში კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით, 2018 წლის დეკემბერში ფლოიდმა საჩვენებელი ორთაბრძოლა იაპონელ კიკბოქსიორ ტენშინ ნასუკავას წინააღმდეგ ჩაატარა. ახალგაზრდა ნასუკავას დამარცხების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბრები მეივეზერსა და ფილიპინელ მოკრივე მენი პაკიაოს შორის განმეორებით დაპირისპირებაზე.

ფაქტია, რომ მეივეზერის მამამ შვილის ნაცვლად ბრძოლაზე მზადყოფნა გამოთქვა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეივეზერი-პაკიაოს მეორე ბრძოლა სავსებით რეალურია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორთაბრძოლაში მეივეზერმა ფილიპინელი ქულებით დაამარცხა.