რეკორდსმენი კოშკაძე „სიონიდან“ წავიდა
რეკორდსმენი კოშკაძე „სიონიდან“ წავიდა

ალექსანდრე კოშკაძემ ბოლნისის „სიონი“ დატოვა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი დეკემბერში ამოიწურა და მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს. კოშკაძე „სიონს“ 2017 წლის სეზონში შემოუერთდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა დიდი როლი შეასრულა გუნდის ეროვნულ ლიგაში დაბრუნებასა და დარჩენაში“, – წერია „სიონის“ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში, ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველმა კარიერის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში (უმაღლესი ლიგა) რიგით 442-ე მატჩი გამართა, რითაც ის ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. 36 წლის ნახევარმცველს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

ბოლნისის „სიონი“ კი ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშებისთვის მზადებას აგრძელებს. თემურ შალამბერიძის გუნდმა სამედიცინო შემოწმება სითი სპორტში გაიარა, მზადების პირველ ეტაპს კი მუხიანის საწვრთნელ ბაზაზე გადის. დაგეგმილია რამდენიმე ტესტ-მატჩი, რის შემდეგაც გუნდი მზადების მეორე ეტაპს ანტალიაში გააგრძელებს.