რეკორდი ქუთაისში - „რამაზ შენგელია არენაზე“ ელიგის მატჩს 14 ათასი გულშემატკივარი დაესწრო #1TVSPORT
რეკორდი ქუთაისში - „რამაზ შენგელია არენაზე“ ელიგის მატჩს 14 ათასი გულშემატკივარი დაესწრო #1TVSPORT

ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ბოლო წლების დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა. ეროვნული ლიგის 23 აპრილს მე-9 ტურის შეხვედრას „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის – სავსე სტადიონი ადევნებდა თვალს.

ქუთაისში „ტორპედოს“ მატჩზე მაყურებლების კარგი დასწრება ახალი ამბავი არ არის. მარტვილის „მერანთან“ პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას, სადაც წყდებოდა, რომელი გუნდი ითამაშებდა ეროვნულ ლიგაში, 12 ათასამდე მაყურებელი მივიდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის მატჩზე „რამაზ შენგელია არენა“ ბოლო წლებში პირველად გაივსო.

სტადიონი 14 ათასი ადამიანს იტევს და ტრიბუნები სრულად შეივსო. ცხადია, ეს ინტერესი გამოიწვია ტურნირის ორი ამბიციური გუნდის დაპირისპირებამ, პლუს, ბათუმის „დინამოში“ საქართველოს ნაკრების წევრების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის თამაშმა.

მიმდინარე სეზონის რეკორდი ბათუმში 2 აპრილს დამყარდა – მე-6 ტურის შეხვედრაში, სადაც ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა. „აჭარაბეთარენაზე“ 16-17 ათასი მაყურებელი მივიდა და მართალია, სტადიონი ბოლომდე არ შეივსო, მაგრამ ეს ჩვენი ჩემპიონატის შეხვედრისთვის შთამბეჭდავი რიცხვია. ამ შეხვედრაში ბათუმელთა ფორმით ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად ითამაშა.