დინამოს ერთ-ერთი ლიდერი რეჯერ დოუელი ყოველი მატჩის შემდეგ უმატებს. თსუ-სთან სერიის ოთხ შეხვედრაში ამერიკელი უკანახაზელის საშუალო სტატისტიკა იყო 21.7 ქულა, 4.2 მოხსნა და 5.0 შედეგიანი გადაცემა. პროგრესი დიდია რეგულარულის სტატისტიკასთან შედარებით (14.8, 4.6, 3.3).
დოუელი სუპერლიგის ერთ-ერთი სტაბილური მოთამაშეა. გუნდური, ჭკვიანი. ყოველთვის ცდილობს, კარგი გავლენა ჰქონდეს დინამოს ახალგაზრდებზე.
რეჯერ დოუელი: „დინამოში ბედნიერი ვარ. ყველაფერი კარგად დაიწყო და უკეთ გაგრძელდა. არის მოგებებიც, წაგებული თამაშებიც, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩემპიონობის დაცვა ეს ყოველთვის საინტერესო და ძნელია. მხოლოდ ის, რომ გაქვს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი, მეტ მოტივაციას გაძლევს. ჩვენი გუნდი სწორი მიმართულებით წავიდა და სეზონის ყველაზე მძიმე მონაკვეთი კარგად დავიწყეთ. გუნდში ყველა თავის საქმეს აკეთებს. მთავარია, მენტალურად მზად ვიყოთ. მგონია და იმედი მაქვს, რომ სეზონი დინამოსთვის განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი გახდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქ აკლიმატიზაციაში დამეხმარა.