რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ლიდერებმა ასევე განიხილეს ლიბიისა და სირიის საკითხი. ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ დღის წესრიგზე დიალოგი და თანამშრომლობა გაგრძელდება.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ პუტინმა სატელეფონი საუბრის დროს განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.

„პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. ორივე მხრიდან გამოთქმულია დაინტერესება კონფლიქტური სიტუაციის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მიმართ“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ესკალაცია 12 ივლისს მოხდა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი 29 ივლისიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებენ.