რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მთვარეზე მისიის განხორციელებას 2023 წელს გეგმავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მთვარეზე მისიის განხორციელებას 2023 წელს გეგმავს

თურქეთი მთვარეზე მისიის განხორციელებას ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„პირველი დაჯდომა მთვარეზე განხორციელდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც გაეშვება ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს საერთაშორისო თანამშრომლობით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ერდოღანს საერთაშორისო თანამშრომლობის დეტალებზე არ უსაუბრია. გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტი ესაუბრა კომპანიების, „ტესლასა“ და „სფეის იქსის“ დამფუძნებელ ილონ მასკს კოსმოსურ ტექნოლოგიებში თურქულ კომპანიებთან შესაძლო თანამშრომლობაზე.

ანკარაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა 10 სტრატეგიული მიზანი წარადგინა, რომელთა შორისაა თურქეთის მოქალაქის კოსმოსში სამეცნიერო მისიაში გაშვება. კოსმოსში სტრატეგიული მიზნების მიღწევას თურქეთის ხელისუფლება უახლოესი ათი წლის განმავლობაში გეგმავს.

გასულ თვეში თურქეთმა კომპანია „სფეის იქსთან“ თანამშრომლობით დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი Turksat 5A გაიყვანა, 2021 წლის მეორე კვარტალში იგეგმება Turksat 5B-ს გაშვებაც.

„ჩვენი ფეხი იდგება დედამიწაზე, თუმცა თვალები კოსმოსისკენ იქნება მიმართული. ჩვენი ფესვები იქნება დედამიწაზე, ჩვენი ტოტები კი მაღლა, ცაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

დატოვე კომენტარი