რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამომრჩევლებთან შეხვედრისას კრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებს დიდ ეკრანებზე აჩვენებენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამომრჩევლებთან შეხვედრისას კრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებს დიდ ეკრანებზე აჩვენებენ

ახალი ზელანდიის მთავრობა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩევლებთან შეხვედრისას კრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდასხმის ვიდეოკადრების ჩვენებისთვის აკრიტიკებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, შოკისმომგვრელ კადრებს თურქეთის პრეზიდენტი მარტის ბოლოს დაგეგმილი თურქეთის მუნიციპალური არჩევნების წინ ამომრჩევლებთან შეხვედრისას დიდ ეკრანებზე აჩვენებს. ასევე, ეკრანებზე ნაჩვენებია ამონარიდები კრაისტჩარჩის ტერაქტის შემსრულებლის ე.წ. მანიფესტიდან, სადაც ის თავის ქმედებებს განმარტავს.

17 მარტს ქალაქ თექირდაგში მხარდამჭერების წინაშე რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლისას დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო ახალი ზელანდიის მეჩეთში მასობრივი მკვლელობის კადრები.

„ყველა მსოფლიო ლიდერი და ორგანიზაცია, გაერო-დან დაწყებული, განიხილავს ამას როგორც თავდასხმას ისლამსა და მუსლიმებზე. თუმცა ისინი არ ამბობენ: „ეს არის ქრისტიანული ტერორიზმი… ის, რომ მუსლიმი ყოფილიყო, ისინი ამას ისლამურ ტერორიზმს უწოდებდნენ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

18 მარტს მხარდამჭერებთან შეხვედრისას კი ერდორანმა განაცხადა, რომ სტამბოლს კონსტანტინოპოლად ვერ გადააქცევენ.

„ისინი ჩვენ 16 500 კილომეტრის სიშორიდან, ახალი ზელანდიიდან გვცდიან და გვიგზავნიან მესიჯს. ეს არ არის ინდივიდუალური აქტი, ეს არის ორგანიზებული. ჩვენ ათასი წელია, აქ ვართ და აპოკალიფსამდე აქ ვიქნებით. თქვენ ვერ გადააქცევთ სტამბოლს კონსტანტინოპოლად. თქვენი წინაპრები აქ ჩამოვიდნენ და გვნახეს, რომ აქ ვართ, რის შემდეგაც ზოგი საკუთარი ფეხით უკან გაბრუნდა, ზოგი კი კუბოთი. თუ ამავე განზრახვით ჩამოხვალთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენი წინაპრებივით უკან გაგაბრუნებთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კრაისტჩერჩის, ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებზე შეიარაღებულ თავდასხმას 15 მარტს 50 ადამიანი ემსხვერპლა. 28 წლის ბრენტონ ტარანტს თავზე ვიდეოკამერა ჰქონდა დამაგრებული, რომლითაც თავდასხმას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა. თავდასხმიდან მალევე სოციალურმა ქსელებმა შოკისმომგვრელი კადრები წაშალეს.

თავდასხმამდე ტერაქტის შემსრულებელმა ინტერნეტში ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოები გაავრცელა, სადაც მჭიდებსა და შაშხანებზე სხვადასხვა ენაზე შესრულებული წარწერები ჩანდა. წარწერებში, ძირითადად, სხვადასხვა პერიოდში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლთა სახელები ფიგურირებს. მათ შორის შაშხანის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, თავდამსხმელი 2016 წელს ორჯერ იმყოფებოდა თურქეთში, სადაც საერთო ჯამში 40 დღე გაატარა. ერდოღანის თქმით, ამჯამად სამართალდამცველები ადგენენ, რით იყო ის დაკავებული და ვის ხვდებოდა თურქეთში ყოფნისას.