რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების გაფართოებისკენ, არავის უნდა აწუხებდეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების გაფართოებისკენ, არავის უნდა აწუხებდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების გაფართოებისკენ, არავის უნდა აწუხებდეს, – ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტებს ვერავინ და ვერაფერი დაიცავს, მათ შორის ვერც ის ქვეყნები, რომლებსაც ისინი ენდობიან. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ის გვირაბები, რომლებსაც ტერორისტები თავს აფარებენ, მალე მათ საფლავებად იქცევა.

თურქეთის ლიდერის განცხადებით, სამშობლოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისას ანკარას არავის ნებართვა სჭირდება და არავის აბარებს ანგარიშს.

„ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, დავიცვათ ჩვენი საზღვრები უსაფრთხოების 30-კილომეტრიანი ზოლით, ყოველი ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება. არავის უნდა აწუხებდეს თურქეთის სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მიმართულია ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის წრის გაფართოებისკენ, რადგან ამ ქვეყნის ისტორიაში არ არის კოლონიზაცია, სისასტიკე და ეგოიზმი“, – განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე სირიაში თურქეთის შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან თათბირი გამართა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, თურქეთის არმიას სჭირდება რამდენიმე დღე, რომ მზად იყოს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის.

ვითარება სტამბოლში ნოემბრის შუა რიცხვებში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაიძაბა. თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის მოწყობაში სირიელ ქურთებს ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება.