რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქურთი მებრძოლები იარაღს თუ დაყრიან, თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დაასრულებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქურთი მებრძოლები იარაღს თუ დაყრიან, თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დაასრულებს

ქურთი მებრძოლები იარაღს თუ დაყრიან და რეგიონს დატოვებენ, თურქეთი სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას დაასრულებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სირიის ჩრდილოეთში „უსაფრთხო ზონის“ ჩამოყალიბება მოხერხდება, ოპერაციას დაასრულებს. თუმცა, ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევამდე ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში თურქეთის არმიის წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ სირიაში 1 220 კვადრატული კილომეტრის ფართობზე კონტროლის მოპოვება მოახერხეს.

„როდესაც მანბიჯიდან ერაყის საზღვრამდე 30-35 კილომეტრის მანძილზე არსებულ ტერიტორიას ტერორისტებისგან გავათავისუფლებთ, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ მაშინვე დასრულდება. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენ შეგვაჩერებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი თურქეთის მოსაზღვრე სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნაა.