რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიბიის კონფლიქტის განსახილველად ტუნისში ჩავიდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიბიის კონფლიქტის განსახილველად ტუნისში ჩავიდა

ლიბიის კონფლიქტის განსახილველად თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოულოდნელი ვიზიტით ტუნისში ჩავიდა. ტუნისის პრეზიდენტ კაის საიედთან შეხვედრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური პროცესის დაბრუნებაა.

ერდოღანის თქმით, ლიბიის მხრიდან თხოვნის შემთხვევაში, ანკარა ჯარს გაგზავნის.

თურქეთის ხელისუფლება ტრიპოლიში განთავსებულ საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას უჭერს მხარს. აღმოსავლეთ ლიბიას გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.

გასულ თვეში თურქეთმა და ლიბიამ ორი შეთანხმება გააფორმეს, რომლებიც საზღვაო საზღვრებს და სამხედრო თანამშრომლობას უკავშირდება. გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ანკარა არ გაჩუმდება, როდესაც ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს ხედავს, რომლებიც ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს.