რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანაფის წარმოების აღსადგენად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანაფის წარმოების აღსადგენად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს

თურქეთის პრეზიდენტს პლასტმასის მასალების კანაფის ქსოვილით ჩანაცვლება სურს. თურქული მედიის ინფორმაციით, მწვანე პოლიტიკის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანაგუნდელებს პლასტიკურის ნაცვლად, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ჩანთების გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ნიადაგს პლასტიკური მასალის დაშლა 500-დან 750 წლამდე ან 1000 წლამდე არ შეუძლია. ამიტომ, ჩვენ პლასტიკურ მასალებს ომს ვუცხადებთ. მე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ საარჩევო კამპანიის დროს ბაწრისა და ქსოვილისგან დამზადებული ჩანთები გამოიყენონ. ბუნებრივი მასალები ნიადაგის მეგობრები არიან“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის განცხადებით, წინა არასწორი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გამო, თურქეთში კანაფის წარმოება აღარ ხდება და მისი იმპორტირება საზღვარგარეთიდან უნდა მოხდეს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კანაფი ბუნებრივი ჩანთების მთავარი მასალა იყო და ბავშვობაში მისი მშობლები ჩანთებს სწორედ კანაფისგან ქსოვდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანაფის წარმოების აღსადგენად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

პირველი სექტემბრიდან თურქეთში პოლიეთილენის პაკეტები ფასიანი გახდა.