რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აია სოფიას კარი ღია იქნება ყველასთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელებისთვის, მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აია სოფიას კარი ღია იქნება ყველასთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელებისთვის, მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის

​აია სოფიას კარი ღია იქნება ყველასთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელებისთვის, მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ მიმართვაში განაცხადა.

„86 წლის შემდეგ, აია სოფია ისევ მეჩეთის დანიშნულებას შეასრულებს. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. კულტურის სამინისტრომ მოამზადა ამ საკითხის ტექნიკური ასპექტებისთვის საჭირო დოკუმენტები, ხოლო თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველომ ამ თემის რელიგიურ ასპექტებზე იზრუნა.

ჩვენ ახლა ყველას მივცემთ საშუალებას, რომ მოინახულოს აია სოფია უფასოდ, აია სოფიას კარი ღია იქნება ყველასთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელებისთვის, მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის, ისევე, როგორც ჩვენ ქვეყნის სხვა რელიგიური სტრუქტურები. ახლა აია სოფიაც უფრო გულწრფელად მიიღებს ყველას, მათი ფესვების მიუხედავად“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, აია სოფია 22 ივლისიდან გაიხსნება.

„ჩვენ სამზადისს მალევე დავასრულებთ და აია სოფია მორწმუნეებისთვის პარასკევის ლოცვის შემდეგ, 22 ივლისიდან გაიხსნება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, დროებით თავი შეიკავონ აია სოფიასთან შეკრებისგან და მის ოფიციალურად გახსნას დაელოდონ.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ აია სოფიას გახსნის შემდეგ, მისი მონახულებისას ყველა დარწმუნდება, რომ თურქეთი უფრთხილდება იმ მემკვიდრეობას, რომელიც წინაპრებისგან მიიღო.

თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პატივი სცენ თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვესმის სხვების შეხედულებები, თუმცა, როცა საუბარია აია სოფიას დანიშნულებაზე, ეს თურქეთის სუვერენულ უფლებამოსილებებს უკავშირდება. აია სოფიას მეჩეთად გამოცხადებაც ჩვენი უფლებაა. ამ გადაწყვეტილების მიმართულებით წამოსული შეტევები პირდაპირ ჩვენს დამოუკიდებლობას უტევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს აია სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.