„რეინჯერსის“ მწვრთნელს კვარაცხელია აშინებს - უნდა შევაჩეროთ ის, ვისაც რთული გვარი აქვს #1TVSPORT
„რეინჯერსის“ მწვრთნელს კვარაცხელია აშინებს - უნდა შევაჩეროთ ის, ვისაც რთული გვარი აქვს #1TVSPORT

გლაზგოში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „რეინჯერსის“ მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონჰორსტმა მეტოქე, იტალიელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და ქართველი გარემარბი – ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომლის გვარიც ვერ წარმოთქვა და ამაზე გაეცინა.

შოტლანდიური გუნდის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ „აიბროქსი“ შევსების და მაყურებლისგან დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს. მისი თქმით, „აიბროქსზე“ შეკრებილმა „რეინჯერსის“ გულშემატკივრებმა გუნდი უნდა გამოიყვანონ „სელტიკთან” ჩემპიონატში (0:4) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის პირველ ტურში „აიაქსის“ (0:4) მძიმე მარცხის შემდეგ.

„შინ შეხვედრა დამატებით ენერგიას გვაძლევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინ ვთამაშობთ თუ გასვლაზე. თუ „რეინჯერსის“ მწვრთნელი ან მოთამაშე ხარ, ზედიზედ ორი წაგება მიუღებელია, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს ჩვენი სათამაშო ფილოსოფია“, – აცხადებს ვან ბრონჰორსტი.

ვან ბრონჰორსტმა იცის „ნაპოლის“ სიძლიერე. ამავე დროს, ნიდერლანდელმა მწვრთნელმა უპირველესად ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „რეინჯერსის“ ნომერი პირველი „მტერი“ და საშიშროება ხვიჩა კვარაცხელიაა და ქართველი ფეხბურთელის გვარის წარმოთქმაზე ყურადღება გაამახვილა.

„ჩვენ ვიცით, რომ შეხვედრა გვაქვს ძალიან ძლიერ გუნდთან. ისინი პირველ ადგილზე არიან იტალიის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ძლიერად დაიწყეს. ამიტომ წინ გვაქვს ძალიან რთული ამოცანა. სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მე მომწონს, თუ როგორ ათამაშებს თავის გუნდს. მძიმე გვარის მარცხენა გარემარბი (კვარაცხელია) ძალიან ძლიერია – მან იცის ორივე ფეხის გამოყენება, ძალიან სწრაფია და ბევრი საშიშროების შექმნა შეუძლია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მას თამაშიდან გამოვთიშავთ“, – აცხადებს „რეინჯერსის“ მწვრთნელი.