„რედ ბულმა“ სეზონზე პირველი რბოლა მოიგო
„რედ ბულმა“ სეზონზე პირველი რბოლა მოიგო

„რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა ავსტრიის გრანპრის დაძაბულ ფინალში მოახერხა გამარჯვების მოპოვება – ჰოლანდიელმა ფინიშამდე სამი წრით ადრე გაუსწრო „ფერარის“ წევრ შარლ ლეკლერს.

ფერსტაპენი სტარტზე მეორედან მეშვიდე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ არ დანებდა და დისტანციის ორი მესამედის გავლის შემდეგ, დაიბრუნა დაკარგული პოზიცია. რბოლის ბოლოს, უფრო ახალი საბურავების წყალობით, ჰოლანდიელმა ლეკლერთან მიახლოება დაიწყო, რომელიც ხუთწამიანი უპირატესობით ლიდერობდა.

ბოლო წრეებისთვის მაქსი დაეწია მონაკოელს და შეტევაზე გადავიდა. რამდენიმე იერიში „ფერარის“ პილოტმა მოიგერია, მაგრამ ფინიშამდე ორი წრით ადრე, ფერსტაპენმა მესამე მოსახვევში ხისტად შეუტია, კონტაქტით გაუსწრო ლეკლერს და ფინიშისკენ წავიდა.

ჰოლანდიელმა რბოლა 2.7-წამიანი უპირატესობით მოიგო და სეზონზე პირველ გამარჯვებას მიაღწია. „ჰონდას“ ძრავების მწარმოებლებისთვის კი ეს პირველი ტრიუმფია 2006 წლის უნგრეთის გრანპრის შემდეგ, როცა ჯენსონ ბატონმა გაიმარჯვა იაპონური საქარხნო გუნდის ბოლიდით.

ლეკლერი მეორეზე გავიდა, რითაც კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია, მაგრამ ფინიშის შემდეგ იმედგაცრუებას ვერ მალავდა, რადგან ახლოს იყო მოგებასთან.

მესამე ადგილზე გავიდა ვალერი ბოტასი. მისი თანაგუნდელი „მერსედესში“, ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰემილტონი წინა ანტიფრთის დაზიანების გამო, მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა. ბოლოსწინა წრეზე მას სებასტიან ფეტელმა გაუსწრო.

ჰემილტონი 197 ქულით ისევ ლიდერია. მას 31 ქულამდე მიუახლოვდა ბოტასი. მესამე ადგილზე გადავიდა ფერსტაპენი 126 ქულით. ის სამით უსწრებს ფეტელს.

მომდევნო ეტაპი ბრიტანეთში ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

დატოვე კომენტარი