„რედ ბული“ უკმაყოფილოა იურგენ კლოპის მუშაობით, გერმანელი, შეიძლება, მწვრთნელობას დაუბრუნდეს #1TVSPORT

09:46, 27.02.2026

ავსტრიული პრესის ინფორმაციით, „რედ ბული“ არ არის კმაყოფილი კომპანიის საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელის პოსტზე „ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის მუშაობით. გერმანელი სპეციალისტი „რედ ბულში“ მუშაობას 2025 წლის პირველი იანვრიდან შეუდგა და გავლენა უნდა მოეხდინა იმ გუნდებზე („ლაიპციგი“, „ზალცბურგი“, „ნიუ იორკ რედ ბულზი“, „ბრაგანტინო“, „პარიზი“, „ლიდს იუნაიტედი“), რომლებშიც ავსტრიული კომპანიაა წარმოდგენილი.

გაზეთ „ზალცბურგერ ნახრიხტენის“ მონაცემებით, „რედ ბულის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამ კლუბებში არასაკმარისი გავლენით. „ლაიპციგი“ ბუნდესლიგაში მხოლოდ ტოპოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, „ზალცბურგმა“ ცოტა ხნის წინ მწვრთნელი დაითხოვა, „პარიზი“ და „ლიდს იუნაიტედი“ გადარჩენისთვის იბრძვიან.

ამიტომაც განიხილება კლოპის „რედ ბულიდან“ ნაადრევად წასვლა. მისი კონტრაქტი ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან 2029 წლის ბოლომდეა ძალაში. გერმანელმა სპეციალისტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აქვს სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნების სურვილი, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი პოზიცია ოდნავ შეიცვალა.

„მე ვიმყოფები სიტუაციაში, როცა სრულიად მშვიდად ვგრძნობ თავს. ამ მომენტისთვის „არა“-ს ვიტყოდი, მაგრამ არასოდეს თქვა „არასოდეს““, – განაცხადა კლოპმა იანვრის ბოლოს.

უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის ბოლოს კლოპს, შეიძლება, კარიერის განახლების რამდენიმე პრესტიჟული ვარიანტი გამოუჩნდეს. პირველ რიგში, ეს არის მადრიდის „რეალი“, რომლის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ოცნებობს გერმანელის გაფორმებაზე; მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ კლოპს შეიძლება მიწვევა ჰქონდეს გერმანიის ნაკრებიდან; და ასევე სავსებით შესაძლებელია „ლივერპულში“ დაბრუნება.

მსგავსი