„რეალს“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ხანგრძლივი დროით გამოაკლდა #1TVSPORT
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „რეალს“ ექვსი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ინგლისელმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩის მე-5 წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო. „მარსელთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში ის დანი კარვახალმა შეცვალა.
„რეალმა“ არნოლდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
„„რეალის“ სამედიცინო ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ალექსანდერ-არნოლდს მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება დაუდგინდა.“
ინგლისელი მცველი მოედანს, სავარაუდოდ, ოქტომბრის მიწურულს დაუბრუნდება. შესაბამისად, ტრენტი უელსთან ამხანაგურ შეხვედრასა (9 ოქტრომბერს) და ლატვიასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშსაც (14 ოქტომბერი) გამოტოვებს.
გარდა ამისა, არნოლდი „რეალს“ ვერ დაეხმარება ისეთ მნიშვნელოვან მატჩებში, როგორებიცაა ლა ლიგაში „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – „იუვენტუსთან“ და, სავარაუდოდ, ტრენტის ყოფილი კლუბ „ლივერპულთან“.