„რეალმა“ ზიდანის შემცვლელის ძებნა დაიწყო
„რეალმა“ ზიდანის შემცვლელის ძებნა დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:3 წაგების შემდეგ, სერიოზულად შეირყა „რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის პოზიციები.

მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა სამ კანდიდატურას განიხილავს ფრანგი სპეციალისტის შესაცვლელად, – იტყობინება გაზეთი „მარკა“. ამ სიაში მოხვდნენ ჟოზე მოურინიო, მასიმილიანო ალეგრი და რაული, რომელიც „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს.

უახლოეს დღეებში „რეალი“ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას მოურინიოსთან, რომელიც 2010-13 წლებში იყო მადრიდელთა დამრიგებელი.

კიდევ ერთ კანდიდატად სახელდება ჩაბი ალონსო. ის დღეს „რეალ სოსიედადის“ ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობს. მის კანდიდატურას განიხილავს პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

სიტუაციას ის ართულებს, რომ ზიდანთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, „რეალმა“ ფრანგს 80 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.