„რეალმა“ ზედიზედ მერვედ მოიგო და უკვე შემდეგ ტურში შეუძლია ჩემპიონობა
„რეალმა“ ზედიზედ მერვედ მოიგო და უკვე შემდეგ ტურში შეუძლია ჩემპიონობა

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტური „რეალისა“ და „ალავესის“ მატჩით დასრულდა. ამ შეხვედრის შემდეგ, მადრიდულმა კლუბმა აღადგინა „ბარსელონასთან“ ოთხქულიანი სხვაობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „რეალმა“ მატჩი 2:0 მოიგო.

პირველ ტაიმში ქარიმ ბენზემამ პენალტი გამოიყენა. სხვათა შორის, ეს ზედიზედ მესამე მატჩში გატანილი პენალტი იყო „რეალისთვის“. მეორე ტაიმში ბენზემა და ასენსიო მეკარესთან გავიდნენ, ფრანგმა პარტნიორს პასი არ დაუგვიანა და ანგარიში 2:0 გახდა.

ეს იყო „რეალის“ ზედიზედ მერვე გამარჯვება, ბურთების სხვაობით – 15:2.

დარჩენილ სამ ტურში „რეალს“ ორი მოგება სჭირდება ჩემპიონობის გასაფორმებლად. ლიდერის უახლოესი გრაფიკი ასეთია: „გრანადა“ (მეცხრე ადგილი) გასვლაზე, „ვილიარეალი“ (მეხუთე) შინ და „ლეგანესი” (მე-19) გასვლაზე.

თუ მომდევნო ტურში „რეალი“ მოუგებს „გრანადას“, ხოლო „ბარსელონა“ ვერ დაამარცხებს „ვალიადოლიდს“ სტუმრად, მადრიდული კლუბი ორი ტურით ადრე გახდება ჩემპიონი.