„რეალმა“ ზედიზედ მეექვსედ მოუგო „ბაიერნს“
„რეალმა“ ზედიზედ მეექვსედ მოუგო „ბაიერნს“

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდის “რეალმა” ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად 2:1 დაამარცხა მიუნხენის “ბაიერნი” და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მესამე ფინალისკენ.
“რეალს” მდევრის როლში მოუწია ყოფნა, როცა 28-ე წუთზე ფლანგზე რეიდის შემდეგ, ჯოშუა კიმიხმა ახლო კუთხეში გაუტანა კეილორ ნავასს.

გერმანულმა კლუბმა შესვენებამდე ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება – “ბაიერნს” წამით უყურადღებოდ დარჩა მარსელო, რომელმაც საჯარიმოს გარედან დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი “რეალმა” 57-ე წუთზე გაიტანა, როცა რაფინიამ საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი და მარკო ასენსიომ ერთი-ერთზე გასვლა გამოიყენა. “რეალმა” ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა “ბაიერნი”.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში “ბაიერნს” ორჯერ მოუწია იძულებითი შეცვლის განხორციელება – ტრავმების გამო მოედანი დატოვეს არიენ რობენმა და ჯერომ ბოატენგმა.
ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუმ.