„რეალმა“ რვაგოლიან, დრამატულ მატჩში ესპანეთის თასის ფინალის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
გამოვლინდა ესპანეთის თასის პირველი ფინალისტი. მადრიდში „რეალმა“ „სოსიედადს“ უმასპინძლა. პირველი შეხვედრა „სამეფო კლუბს“ სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული.
განმეორებით მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე ანდერ ბარენეჩეამ გახსნა და ორი მატჩის ჯამში გაათანაბრა ანგარიში. „რეალის“ მხრიდან საპასუხო გოლი 30-ე წუთზე ენდრიკმა გაიტანა. ახალგაზრდა ბრაზილიელისთვის ეს იყო მეხუთე გოლი ესპანეთის თასზე ოთხ მატჩში.
მეორე ტაიმში 20-წუთიან მონაკვეთში მაყურებელმა ხუთი გოლი იხილა. 72-ე წუთზე დავიდ ალაბას ავტოგოლით „სოსიედადი“ ისევ დაწინაურდა, მე-80 წუთზე კი სტუმრებმა მიკელ ოიარსაბალის გოლით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.
„რეალი“ ორი მატჩის ჯამში უკვე აგებდა, მაგრამ მომდევნო ექვს წუთში ორი გოლი გაიტანა ჯუდ ბელინგემისა და ორელიენ ჩუამენის წყალობით – 3:3.
ძირითადი დროის მესამე კომპენსირებულ წუთზე ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 4:4 გახადა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, რომელშიც 115-ე წუთზე ანტონიო რიუდიგერის გოლმა „რეალს“ ფინალის საგზური მოუტანა. მატჩი 4:4 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი მადრიდელებმა 5:4 მოიგეს.
„რეალი“ 41-ედ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „ბარსელონას“ (42) ჩამორჩება. მადრიდელთა მეტოქე გამოვლინდება „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ განმეორებით მატჩში. პირველი შეხვედრა კატალონელთა მოედანზე 4:4 დასრულდა.