„რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება ისურვა, ფიფა-მ იდეა არ გაიზიარა #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ გამოვიდა წინადადებით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს.
გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბის წარმომადგენლებმა ამგვარი იდეა მაიამიში ტურნირის მსვლელობისას ფიფა-ს, კლუბებისა და კონფედერაციების შეხვედრაზე წამოჭრეს. აღნიშნავენ, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას გაყიდული ბილეთების სრული რაოდენობის 25 პროცენტი „რეალის“ თამაშებზე მოდის. ამიტომაც მადრიდელები, საკუთარი საერთაშორისო პოპულარობის წყალობით, ამ ტურნირში დამატებითი შემოსავლის წყაროს ხედავენ.
თუმცა ფიფა არ გეგმავს ტურნირის უფრო ხშირად ჩატარებას. სამაგიეროდ, ორგანიზაცია განიხილავს 2029 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო გათამაშებისთვის მონაწილეთა რიცხვის 48-მდე გაზრდას.
გარდა ამისა, მიმდინარეობს დისკუსია მომდევნო გათამაშების ჩატარების ადგილზე. იტყობინებიან, რომ 2029 წლის ტურნირის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა კატარმა, მაგრამ ფიფა-ს ურჩევნია, ტურნირი ესპანეთს, მაროკოსა და პორტუგალიას მიანდოს, სადაც 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება ნაკრებებს შორის. ამავდროულად, ესპანეთი და მაროკო ისურვებდნენ, დამოუკიდებლად ჩაატარონ ტურნირი, პორტუგალია კი ამით დაინტერესებული არ არის.