„რეალმა“ მოგებათა სერია ცხრა მატჩამდე გააგრძელა
„რეალმა“ მოგებათა სერია ცხრა მატჩამდე გააგრძელა

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტური მადრიდის „რეალის“ გასვლითი მატჩით დასრულდა „გრანადას“ წინააღმდეგ. „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო – 2:1, რითაც ისევ გაზარდა ოთხ ქულამდე უპირატესობა „ბარსელონასთან“.

მადრიდელებს მე-16 წუთისთვის ორი გოლი ჰქონდა გატანილი – თავი გამოიჩინეს ფერლან მენდიმ და ქარიმ ბენზემამ. მენდისთვის ეს იყო სადებიუტო გოლი „რეალში“. ფრანგი 21-ე ფეხბურთელია ამ სეზონში, ვინც ზინედინ ზიდანის გუნდისთვის გოლი გაიტანა.

მასპინძელთა მხრიდან 50-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი დარვინ მაჩისმა შეაგდო. ამ გოლამდე „რეალის” მეკარე ტიბო კურტუა 506 წუთი არ უშვებდა ბურთს საკუთარ კარში, რაც ყველაზე გრძელი „მშრალი“ სერიაა მიმდინარე სეზონში.

„რეალი“ 16 ივლისს შინ შეხვდება „ვილიარეალს“ და 19 ივლისს სტუმრად „ლეგანესს“. ამ ორი მატჩიდან ერთის მოგების შემთხვევაში, მადრიდული კლუბი ესპანეთის ჩემპიონი გახდება.

დატოვე კომენტარი