„რეალმა“ „კლასიკო“ 101-ედ მოიგო და ლა ლიგას ლიდერი გახდა #1TVSPORT
„რეალმა“ „კლასიკო“ 101-ედ მოიგო და ლა ლიგას ლიდერი გახდა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა.

მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა ქარიმ ბენზემამ. ფრანგმა ბოლო ექვს მატჩში პირველად გაიტანა, ამასთან, შეწყვიტა „ბარსელონას“ მეკარის მარკ-ანდრე ტერ-შტეგენის „მშრალი“ სერია, რომელიც 636 წუთი გრძელდებოდა – გერმანელი 21 აგვისტოდან მოყოლებული არ უშვებდა გოლს ლა ლიგაში.

ბენზემასთვის ეს იყო „ელ კლასიკოში“ მე-12 გოლი და ის ამ მაჩვენებლით მერვე ადგილს იყოფს ყველა დროის სიაში. ყველაზე მეტი გოლი „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაში ლიონელ მესის აქვს გატანილი – 26.

პირველ ტაიმში „რეალმა“ გაზარდა უპირატესობა – გოლი ფედერიკო ვალვერდეს ანგარიშზეა. მან ამ სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა, რაც მისი ახალი პირადი რეკორდია.

„ბარსელონამ“ თამაშის გადარჩენის შანსი 83-ე წუთზე მიიღო, როცა ფერან ტორესმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში როდრიგომ პენალტი გაიტანა და „რეალმა“ 3:1 მოიგო.

„რეალმა“ ბოლო შვიდი „კლასიკოდან“ მეექვსე მოიგო, სულ კი „ბარსელონასთან“ დაპირისპირების ისტორიაში 101:97-ს იგებს. კიდევ 52 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ბარსელონამ“ შეწყვიტა შვიდმატჩიანი მოგებების სერია და სეზონში პირველად დამარცხდა. „რეალი“ ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩება ჩემპიონატში და ის 25 ქულით სათავეში ჩაუდგა ცხრილს. „ბარსელონა: მას სამი ქულით ჩამორჩება.