„ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს კლუბს, მაგრამ მისთვის ახალი გუნდის მონახვა რთული პროცესი აღმოჩნდა.
გერმანული გაზეთის, Kicker-ის ინფორმაციით, კიმიხის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს ორ ტოპკლუბთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში უარი მიიღეს.
ლაპარაკია „ლივერპულსა“ და „რეალზე“, რომლებთანაც პირდაპირი კონტაქტით გავიდნენ გერმანელი ფეხბურთელის აგენტები. თავდაპირველად მათ მოფიქრებისთვის დრო აიღეს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, არ გაიფორმონ კიმიხი.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კიმიხი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. რამდენიმე დღის წინ „ბაიერნმა“ უკან გაიწვია თავისი ბოლო წინადადება კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე.
კიმიხთან დაკავშირებული სიტუაციის კომენტარისას „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა განაცხადა, რომ არცერთი ფეხბურთელი არ დგას კლუბზე მაღლა.
კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 426 მატჩში 43 გოლი და 114 შედეგიანი პასია.