რეალმა ბოლო წამებზე მოიგო, ეფესმა სტამბოლში ბარსელონას აჯობა
რეალმა ბოლო წამებზე მოიგო, ეფესმა სტამბოლში ბარსელონას აჯობა

საკალათბურთო „ევროლიგის“ პლეიოფის ყველაზე საინტერესო წყვილი მადრიდის „რეალმა“ და ათენის „პანათინაიკოსმა“ შეადგინეს. ამ გუნდების პირველი თამაში გუშინ, მადრიდში გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა რთულ გამარჯვებას მიაღწია. გადამწყვეტი რუდი ფერნანდესის სამქულიანი ტყორცნა გამოდგა. მასპინძელთა ლიდერმა თანაბარ ანგარიშზე ჩააგდო პერიმეტრიდან. საპასუხო შეტევაში სტუმრებს მატჩის დამატებით დროში გადაყვანა შეეძლოთ, თუმცა დეშუან ტომასმა არაზუსტად ისროლა. საბოლოოდ 75:72 მადრიდელთა სასარგებლოდ. სამეფო გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ჯეფრი რეილორს ჰქონდა. შვედეთის ნაკრების კალათბურთელმა 13 ქულა გააკეთა. „პაოს“ ნიკ კალატესმა უწინამძღოლა 17 ქულით. სერიის მეორე შეხვედრა ხვალ ისევ მადრიდში ჩატარდება.

პლეიოფი გამარჯვებით დაიწყო სტამბოლის „ეფესმა“. თურქულმა კლუბმა სერიის პირველ მატჩში ბარსელონას ანგარიშით 75:68 აჯობა. მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდნენ და ლიდერობდნენ. შესანიშნავ სეზონს ატარებს სტამბოლელთა უკანახაზელი ვასილიე მიჩიჩი. სერბი კალათბურთელი გუშინდელ შეხვედრაშიც გამორჩეული იყო და „ბარსას“ 21 ქულა ჩაუგდო. ადრიენ მოერმანის ანგარიშზე 12 ქულა და 5 მოხსნა დაფიქსირდა. სტუმართა შორის ანტე ტომიჩი 14 ქულით გამოიკვეთა. ამ წყვილის მეორე შეხვედრაც სტამბოლში გაიმართება.